„ჩვენ ვშიშობთ, რომ ადგილობრივებმა შესაძლოა, დაკარგონ წვდომა მიწაზე, სასმელ და სარწყავ წყალზე“, – უთხრა „რეგინფოს“ სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელმა.
EUMM-ში აცხადებენ, რომ გუგუტიანთკარში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი დაახლოებით ორი კვირის წინ დაიწყო.
„თავდაპირველად სოფელთან ახლოს მხოლოდ ბოძები დაიდგა, დღეს კი ბოძებს შორის მავთულებიც გააბეს. ჩვენ ადგილზე ვართ და ვაკვირდებით ვითარებას. პროცესის დასაწყისშივე გავააქტიურეთ ცხელი ხაზი, მისი საშუალებით ვცვლით ინფორმაციას მხარეებს - საქართველოს მთავრობას, დე ფაქტო ხელისუფლებასა და რუს მესაზღვრეებს შორის.
ვაგრძელებთ ცხელი ხაზის გამოყენებას და მოვუწოდებთ მხარეებს თავშეკავებისკენ, რათა არ მოხდეს დესტაბილიზაცია და აღარ გაგრძელდებს ბორდერიზაციის პროცესი.
ერგნეთში, 29 აგვისტოსთვის დაგეგმილ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მომდევნო შეხვედრაზე ამ თემას განვიხილავთ“, – აღნიშნავენ სადამკვირვებლო მისიაში.
რა მდგომარეობაა გუგუტიანთკარში სასმელი და სარწყავი წყლით მომარაგების კუთხით და რამდენად საფუძვლიანია შიში, რომ სოფელი წყლის გარეშე დარჩება, ამის გარკვევა „რეგინფომ“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში სცადა. ეს უწყება დროებითი ერთობლივი სამთავრობო კომისიის თანათავმდჯომარეა, რომელიც გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლების საჭიროებებზე მუშაობს.
„სასმელ წაყლთან დაკავშირებით რაიმე ახალი საფრთხე არ იქმნება, ხოლო რაც შეეხება სარწყავ წყალს, ტერიტორია, სადაც სათავე ნაგებობა მდებარეობს, სამწუხაროდ, აქამდეც ოკუპირებული იყო და ამის მიუხედავად სოფელს სარწყავი წყალი მიეწოდება“, – უთხრა „რეგინფოს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ჯონი კალანდაძემ.
სოფელ გუგუტიანთკართან დღეს განახლებულ სამუშაოებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მსგავსი დესტრუქციული ნაბიჯები „უკიდურესად ართულებს საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას და ახდენს უსაფრთხოების გარემოს შემდგომ დესტაბილიზაციას“
სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებები და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები. უწყება ასევე მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო პროცესებთან დაკავშირებით.